29 ოქტომბერს, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ პრემიერა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო დანტე 700-ის საიუბილეო წლის ფარგლებში, რომელსაც მთელი ცივილიზებული მსოფლიო აღნიშნავს. გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ შესრულებით, ბათუმელი მაყურებელი ეზიარა მარიამ ალექსიძის თანამედროვე ქორეოგრაფიას, რომელიც ეფუძნება დავით მაზიაშვილის იდეებს დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ საფუძველზე. ბათუმელ მაყურებელს ასევე შესაძლებლობა ჰქონდა, რომ თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ შესრულებით ცოცხლად მოესმინათ კომპოზიტორ დარიო მარიანელის მიერ სპეციალურად მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტისთვის შექმნილი თანამედროვე მუსიკა. ბათუმში თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ პრემიერას დაესწრო თავად მაესტრო დარიო მარიანელი, რომელიც ჩვენი დასის მოწვევით საქართველოს სპეციალურად „ბეატრიჩეს“ თბილისურ და ბათუმურ პრემიერებზე დასასწრებად ესტუმრა.