მარიამ ქოიავა

სოლისტი

მარიამ ქოიავა

2014 წელს დაამთავრა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. 2015 წლიდან ცეკვავდა კახა ბაკურაძის მოძრაობის თეატრის წარმოდგენებში, იყო თანამედროვე ქორეოგრაფიის თეატრ „იმპულსის“ მოცეკვავე.

2016 წლიდან მარიამ ქოიავა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ბალეტის მსახიობია.  მონაწილეობს დასის სარეპერტუარო დადგმებსა თუ პროექტებში:

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია: საბალეტო მინიატურები - გია ყანჩელი „შუშანიკის წამება“, ი. ს. ბახი Agnus Dei და Fantasia, იოსებ კეჭაყმაძე „მედეა“, იოჰანეს ბრამსი „ეტიუდი“, ანტონიო ვივალდი La Notte, ჰენრი პერსელი Dido’s Lament, თანამედროვე ბალეტები გია ყანჩელის მუსიკაზე „ფსალმუნი“ და „დიპლიპიტო”, მხატვარი – იური გეგეშიძე; გველი თანამედროვე ბალეტში Connexion ალფრედ შნიტკეს მუსიკაზე; სიკვდილის სახე თანამედროვე ბალეტში „ფიროსმანი“ სულხან ნასიძის მუსიკაზე.

მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია: ქორო და თეთრი მნათობის სახე თანამედროვე ბალეტში ნიზამი განჯელის პოემების მიხედვით „ხამსე“ ფოლად ბულბულ ოღლის მუსიკა, მხატვარი – მურაზ მურვანიძე; სიბილას, კლიმენეს და ფილომელას სახე თანამედროვე ბალეტში ოვიდიუსის მეტამორფოზების მიხედვით „მეტამორფოზები“, ი.ს. ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა, მხატვარი – ანა ნინუა; უგოლინოს სახე თანამედროვე ბალეტში „ბეატრიჩე“, იდეისა და კონცეფციის ავტორი დავით მაზიაშვილი, ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელმი თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორის დარიო მარიანელის მიერ ბალეტისათვის სპეციალურად შექმნილი საავტორო მუსიკა, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად სრულდება. კოსტიუმების დიზაინერი -  თამუნა ინგოროყვა. მონაწილეობს სპექტაკლებში: თანამედროვე ბალეტი გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე „დოვინ-დოვენ-დოვლი...“, STALAG VIII-A, PENSATIVA, …à la Duduki, „გურჯი-ხათუნი“, „ფოლია“, „მეტრონომი“, „ხმა დაირისა..“, Hinter den Grenzen, The Goldberg Variations,„ძველებური ცეკვები“, „12 პაემანი“, The Bach Project 1 და სხვა

მარიამ ქოიავა მონაწილეობს დასის საგასტროლო წარმოდგენებში საქართველოს რეგიონებში. 2018 წ-ს შედგა პირველი საერთაშორისო გასტროლი გერმანიაში; ლიტერატურულ-მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პროექტი Hinter den Grenzen განხორციელდა მარიამ ალექსიძის მიერ გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსისა და კომპოზიტორის რუსუდან მეიფარიანის ანსამბლთან თანამშრომლობით. 2019 წელს შვეიცარიის ქ.ციურიხის Theater Rigiblick-ში  წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტი  STALAG VIII-A, ოლივიე მესიანის თხზულებაზე „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“, შვეიცარიაში მოღვაწე მუსიკოსების ირინა ვარდელის, მატია ზაპას, ანდრეას იანკესა და დიმიტრი აშკენაზის მონაწილეობით. 

2019 წელს მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიაში მუშაობის ათი წლის აღსანიშნ გალაზე  შეასრულა სოლო მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტიდან „ქუჩა“ იოზეფ ჰაიდნის მუსიკაზე.

2019 წელს დასი შეუერთდა თანამედროვე ცეკვის ნოვატორ ამერიკელ ქორეოგრაფ მერს კანინგემის 100 წლის საიუბილეო თარიღის მსოფლიო აღნიშვნას. მარიამმა მონაწილეობა მიიღო კანინგემის ცეკვის ტექნიკის კლასებსა და რეპერტუარის ვორკშოპში, რომელიც მოწვეულმა პედაგოგმა ეშლი ჩენმა დასის მოცეკვავეებსა და სტუდენტებს ჩაუტარა. 2020 წელს კი მარიამმა მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ბრიტანელი ქორეოგრაფის უეინ მაკგრეგორის რეპერტუარის ვორკშოპში, რომელიც დასისთვის ჩატარდა უეინ მაკგრეგორის დასის მოცეკვავისა და მიწვეული პედაგოგის ლუის მაკმილერის მიერ.

2020-ში მარიამი გადაღებული იყო მუსიკოს Nash Albert-ის სიმღერის, Autumn Rain ვიდეოკლიპში, რომლისთვისაც ცეკვა სპეციალურად მარიამ ალექსიძემ დადგა და გადაღება რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე შედგა.

მარიამ ქოიავა დაესწრო პროფესორ დავით მაზიაშვილის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებს: დავით მაზიაშვილის სალექციო ციკლი: თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“; დავით მაზიაშვილის შემეცნებითი შეხვედრები და ლექციები პროექტ „მეტამორფოზების“ ფარგლებში  და სხვა.

2022 წლიდან მარიამ ქოიავა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სოლისტია.

2022 წელს, ისრაელში, The Jerusalem International Solo Dance Festival-ზე, იერუსალიმის ისტორიულ კულტურის ცენტრში "The Hansen House" წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქუჩა“ - ქალის პორტრეტი, მარიამ ქოიავას შესრულებით.

2021-2022 წლებში მარიამ ქოიავამ დასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტებში, ხოლო 2023 წელს საქართველოს პატრიარქისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტში, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

 

უკან დაბრუნება