ნინო გოგუა

წამყვანი სოლისტი

ნინო გოგუამ თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 2004 წელს დაამთავრა და იმავე წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის მსახიობი გახდა, 2008 წლიდან კი - ბალეტის წამყვანი სოლისტი. ნინო გოგუას შესრულებული აქვს სოლო და წამყვანი პარტიები როგორც დასის კლასიკური, ისე ნეოკლასიკური და თანამედროვე ბალეტების სარეპერტუარო სპექტაკლებში. ნამუშევარია ისეთ ქორეოგრაფებთან, როგორებიც არიან: გიორგი ალექსიძე, იური გრიგოროვიჩი, ლეონიდ ლავროვსკი, ჟილ რომანი, იორმა ელო, იური პოსოხოვი, ფილიპ კოენი, ალექსეი რატმანსკი, ტრეი მაკინტაიერი, ალექსეი ფადეეჩევი, რედა ბენტეიფური.

2008 წლიდან მონაწილეობს მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტის პროექტებში.

2010 წელს მიენიჭა პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილისა და ჟილბერ ალბერის სახელობის ვარსკვლავის წოდება.

2008 წელს, ნიუ-იორკში თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის საგასტროლო ტურნეს დროს, შეასრულა ჯ. ბალანჩინის "Duo Concertant" და ი. პოსოხოვის „საგალობელი“, რომლის შემდეგ The New York Times ნინო გოგუაზე წერდა: „..ეშხიანი და ექსპრესიული გოგუა, რომელიც ნებისმიერ კომპანიას სიცოცხლეს შესძენდა, კვლავ შეუდარებელი იყო“.

2013 წელს ნინო მიიწვიეს შვეიცარიაში, მორის ბეჟარის საბალეტო დასში („ბეჟარის ბალეტი ლოზანაში“).

2016 წლიდან ნინო გოგუა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წამყვანი სოლისტია.

მონაწილეობს დასის სარეპერტუარო დადგმებსა თუ პროექტებში:

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფია: საბალეტო მინიატურები - ოლივიე მესიანი „ფენიქსი“, იოჰანეს ბრამსი „ეტიუდი“, ანტონიო ვივალდი La Notte, ი.ს. ბახი „სარაბანდა“, მორის რაველი „მოწყენილი ჩიტი“.

მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია: ბედისწერის სახე თანამედროვე ბალეტში ნიზამი განჯელის პოემების მიხედვით „ხამსე“ ფოლად ბულბულ ოღლის მუსიკა, მხატვარი – მურაზ მურვანიძე; ჩრდილი - თანამედროვე ბალეტში გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე „დოვინ-დოვენ-დოვლი...“, წარმოსახვითი გურჯი-ხათუნის სახე თანამედროვე ბალეტში დათო ტურაშვილის რომანის მიხედვით „გურჯი-ხათუნი“იოსებ ბარდანაშვილის მუსიკა, მხატვარი - ანა კალატოზიშვილი; არიადნას სახე თანამედროვე ბალეტში ოვიდიუსის მეტამორფოზების მიხედვით „მეტამორფოზები“, ი.ს. ბახისა და ნიკა მაჩაიძის ორიგინალური მუსიკა, მხატვარი – ანა ნინუა;  მონაწილეობს სპექტაკლებში: STALAG VIII-A, PENSATIVA, …à la Duduki, „ხმა დაირისა..“, The Goldberg Variations, Early Dances, „12 პაემანი“, The Bach Project 1 და სხვა

ნინო გოგუა მონაწილეობს დასის საგასტროლო წარმოდგენებში საქართველოს რეგიონებში.

2021-2022 წლებში ნინო გოგუამ დასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტებში, ხოლო 2023 წელს საქართველოს პატრიარქისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტში, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.

უკან დაბრუნება