დავით მაზიაშვილი

დირექტორი

დავით მაზიაშვილი - ფილოლოგიის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, ლიტერატურათმცოდნე.

დავითი ავტორია მონოგრაფიისა „ტომ სტოპარდი და პოსტმოდერნიზმი“ (2014), აგრეთვე სამეცნიერო სტატიებისა. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმი „რობერტ სტურუას იულიუს კეისარი. ფრაგმენტები სადადგმო რეპეტიციებიდან.“ (2015).

2018 წ-ს დავით მაზიაშვილმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივ კვლევით საგრანტო პროგრამაში და 2019 წლიდან ოქსფორდის უნივერსიტეტში მუშაობს.

2016 წ-ს დავითმა გაიმარჯვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ახალგაზრდა მეცნიერთა უცხოეთში სამეცნიერო-კვლევითი სტაჟირებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში“ პროექტით „შექსპირის რეცეფცია XX საუკუნის მეორე ნახევრისა და XXI საუკუნის ინგლისურ ლიტერატურასა და თეატრში~ და 2017 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში სამი თვით იმყოფებოდა.

დავით მაზიაშვილი რამდენიმე სამეცნიერო საგრანტო პროექტის წამყვანი სპეციალისტია: „შექსპირის თარგმნისა და შესწავლის ისტორია საქართველოში“ (თსუ, 2015 წ.) და „შექსპირის ტექსტი და მისი ადაპტაციის პრობლემა თეატრში“ (რობერტ სტურუას სპექტაკლების მიხედვით. (თსუ, 2016 წ.).

მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო და ეროვნულ სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში; არის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების კრებულების სარედაქციო კოლეგიის წევრი, საერთაშორისო, ეროვნული და სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების თანაორგანიზატორი და საგანმანათლებლო-სახელოვნებო და საგანმანათლებლო-ინტელექტუალური პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი. მათგან ყველაზე გამორჩეულია საგანმანათლებლო-სახელოვნებო პროექტების ციკლი „სტურუას შექსპირის სამყარო“ (2013 წლიდან 2016 წლის ჩათვლით) და "საუბრები თავისუფლებაზე" (2014).

2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით დავით მაზიაშვილი იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას, მრჩეველი საგანმანათლებლო-სამეცნიერო საკითხებში.

2010 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა „საკვირაო ლიტერატურული კლუბი“, დღემდე მისი ხელმძღვანელია.

ძირითადი საქმიანობის პარალელურად, 1999 წლიდან 2012 წლამდე იყო სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრი, ხოლო 2005 წლიდან დღემდე ფოლკლორული ანსამბლ „შავნაბადას“ მომღერალ-მგალობელია.

დავით მაზიაშვილი მარიამ ალექსიძესთან ერთად არის თანამედროვე საბალეტო დასის დაარსების ინიციატორი და პროექტის თანაავტორი.

2016 წლიდან დავით მაზიაშვილი გიორგი ალექსიძის „სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დირექტორია.

 

 

უკან დაბრუნება