გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელის, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის და დასის დირექტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ინიციატივით, საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით დაიგეგმა და შედგა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ პროექტი „მარიამი ხვდება მირიამს“, რომელიც დასის საერთაშორისო მიმართულებით.
პროექტის ფარგლებში ისრაელელმა ქორეოგრაფმა და მოცეკვავემ მირიამ ენგელმა გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მოცეკვავეებისათვის ჩაატარა ინტენსიური შემოქმედებითი უორკშოპი, ხოლო 11 ივნისს, აბრეშუმის თეატრში, დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით ერთ საღამოზე წარმოდგენილი იყო ორი ერთმანეთისგან განსხვავებული, ინდივიდუალური და გამორჩეული, თანამედროვე მონო-ქორეოგრაფიული წარმოდგენა.
„მარიჯან“ - მარიამ ალექსიძემ ამჯერად სცენაზე გააცოცხლა 2020 წელს პანდემიის პერიოდში შექმნილი მონო-ქორეოგრაფიული ვიდეო წარმოდგენა „მარიჯანის ოთახი“, რომელიც ერთ-ერთი პირველი პროფესიონალი პოეტი-ქალის მარიჯანის დღიურებს ეფუძნება. კონცეფციის, მხატვრული ჩანაფიქრებისა და ტექსტის ირგვლივ მარიამ ალექსიძემ დავით მაზიაშვილთან ერთად იმუშავა. მარიჯანის ტექსტი წაიკითხა ეკა მოლოდინაშვილმა (რუსთაველის ეროვნული თეატრი).მარიჯანის 1925 წელს დაწერილი ტექსტი დატვირთულია მისი პირადი განცდებით და თუ ერთი მხრივ ძალიან ინტიმური ფიქრებია, მეორე მხრივ საზოგადოა და დღევანდელ დღეს ძალიან აქტუალურია.
„ზაზელ“ - გასროლა ზარბაზნიდან - როზა მარია რიხტერის, მოხეტიალე ცირკის აკრობატის, ნამდვილი ამბავი, რომელსაც ყოველ საღამოს ზარბზნიდან გაისროდნენ ხოლმე.
1877 წელს როზა მატილდა, ცირკის ახალგაზრდა მსახიობი, გამჭრიახ პროდიუსერსა და ბიზნესმენს „დიდ ფარინის“, შეხვდა, რომელმაც ჰაერში ადამიანისა და საგნების გასასროლად ინოვაციური მანქანა გამოიგონა და ეს გამოგონება დააპატენტა კიდეც. ზაზელი, გასროლილი ადამიანი-ჭურვი, ძალიან სწრაფად დიდი ვარსკვლავი ხდება და ამ სახიფათო ტრიუკს მთელ მსოფლიოში ასრულებს.
ქორეოგრაფი მირიამ ენგელი, კომპოზიტორ იგალ მირტენბაუმთან ერთად ქმნის ღრმა ნაწარმოებს, თვალწინ გადაგვიშლის ზაზელის ისტორიას ფარინისთან საბედისწერო შეხვედრიდან გასროლის მომენტამდე და ამ ამბის ტკბილ-მწარე დასასრულამდე.
მუსიკალური საცეკვაო ნომერი საღი გონებისა და სიგიჟის, პირადულისა და საჯაროობის, კონტროლისა და ილუზიის ზღვარზეა; ზაზელი გმირიცაა და მსხვერპლიც, ქალწულიცა და სიკვდილიც, მოქმედიცაა და დამკვირვებელიც თანდათანობით აგებული აკუმულაციისა და სიფხიზლის პროცესში და ზარბაზნიდან გასროლამდე კულიმინაციას აღწევს. ეს ნამუშევარი მაყურებელთან ახალ კონტაქტს ქმნის და თითქოს ეს გამოწვევაა დავუკვირდეთ და მივხვდეთ, რომ შესაძლოა ყოველი ჩვენგანი ზაზელი ვართ.