"გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ მესამე წელია რაც თანამშრომლობას თბილისის ბაროკო ფესტივალთან. 2020 წელი გიორგი ალექსიძის 80 წლის საიუბილეო წელი იყო, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ წლევანდელ ფესტივალზე წარმოგიდგინოთ გიორგი ალექსიძისეული ნეოკლასიკური დადგმები - კომპოზიციები, მინიატურები, დიდი ბალეტებიდან ფრაგმენტები, რომელიც გიორგი ალექსიძეს ბაროკოს პერიოდის კომპოზიტორების მუსიკაზე აქვს დადგმული და ცეკვის ამ სტილს, მიმდინარეობას იგი ნეობაროკოს უწოდებდა.
ჩვენი დასის მმართველმა-მთავარმა ბალეტმაისტერმა მარინა ალექსიძემ და პედაგოგ-რეპეტიტორმა ქეთევან მუხაშავრიამ, ჩემთან ერთად, აღვადგინეთ გიორგი ალექსიძისეული ეს დადგმები, ვიმუშვეთ ჩვენი დასის ახალგაზრდა, შესანიშნავ მოცეკვავეებთან ერთად და გადავწყვიტეთ, რომ აი ასეთი ჯერ კიდევ ნედლი სამუშაო პროცესი წარმოგიდგინოთ ჩვენი სარეპეტიციო სივრციდან და ნაწილობრივ ვისაუბროთ გიორგი ალექსიძისეულ ამ მიმდინარეობის შესახებ. ჩვენი აი ამ შემეცნებითი ვიდეო-წარმოდგენის იდეას, ვფიქრობ ორიგინალურობას შემატებს გადაწყვეტა, ჩვენი დასის დირექტორის დავით მაზიაშვილის, რომ სარეპეტიციო სივრცეში წარმოდგენილი ეს დადგმები გარდაისახოს დოკუმენტურ კადრებში, სცენაზე, კოსტიუმებში, თავის რეალურ დროში, როდესაც ამ დადგმებს ასრულებდნენ პირველი შესრულებლები." - მარიამ ალექსიძე
2020 წლის თბილისის ბაროკო ფესტივალში, დასმა განსხვავებული ფორმით მიიღო მონაწილეობა და წარმოადგინა მარიამ ალექსიძის შემეცნებითი ვიდეო-წარმოდგენა „გიორგი ალექსიძის ნეობაროკო“, რომელიც გიორგი ალექსიძის 80 წლის საიუბილეო წელს მიეძღვნა.
იხილეთ ვიდეო-წარმოდგენა:
გიორგი ალექსიძის ნეობაროკო