20 და 21 ივნისს
გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“
პრემიერა შედგა.
რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე ოლივიე მესიანის თხზულების
„კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“ (Quatuor pour la fin du temps)
ცოცხალ შესრულებაზე წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის
თანამედროვე ბალეტი STALAG VIII-A
„ჩემს უმეტეს ნაწარმოებებში არსებობს სიმკაცრისა და თავისუფლებას შორის გარკვეული კონფლიქტი. ისევე, როგორც ჩემი თანამედროვენი, მეც ვეძიებდი და ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოიყენა ახლებური მეთოდები. მაგრამ მე თავისუფალი დავრჩი და არ მივეკუთვნები არცერთ სკოლას. მჯერა, რომ ჩიტების მაგალითი დამეხმარა არ დამეკარგა თავისუფლება. მხედველობაში მაქვს კონსტრუქციული თავისუფლება, რომელიც მეძლევა ჩემი თავის ფლობით პატივს ვცემდე სხვას და მეხმარება შემოქმედებაში განვახორციელო აღფრთოვანება სამყაროს წინაშე.“ ოლივიე მესიანი
1941 წლის ცივ და წვიმიან 15 იანვარს გერმანელების მიერ დატყვევებული 31 წლის უკვე აღიარებული ფრანგი კომპოზიტორი, პიანისტი, ორგანისტი ოლივიე მესიანი გერმანელთა საკონცენტრაციო ბანაკში STALAG VIII-A შეხვდა. ეს არ იყო დატყვევებული მუსიკოსის უბრალო „რიგითი 24 საათი“, არამედ იყო დრო, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა მის ბიოგრაფიაზეც და მსოფლიო მუსიკის ისტორიაზეც. ეს იყო დრო დასასრულისა და ადამიანურ მიწიერ საწყისზე ამაღლებისა. ამ დღეს ტყვეებით სავსე დარბაზი მოუთმენლად ელოდა მესიანის ახალ თხზულებას – „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“, რომელიც იქ, იმ ცივ ბანაკში შეიქმნა და ავტორთან ერთად ტყვე მუსიკოსების მიერ შესრულდა. მესიანის თხზულება „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“ იოანეს გამოცხადების მეათე თავით არის შთაგონებული.
„მე მინდოდა მუსიკა დახმარებოდა ამ საცოდავ, დაბეჩავებულ ხალხს თავის მიწიერ უბედურებებზე ამაღლებაში, რათა შეეგრძნოთ დროის დასასრულის ის განსაკუთრებულობა, თავისუფალი რომ არის წარსულისა და მომავლის მონაცვლეობისაგან და განეცადათ სიხარული მუდმივობისა ოქროდწნულ ნათელსა და დიდებულ სიჩუმეში... არასოდეს მოუსმენიათ ჩემთვის ასეთი გაგებით შემდგომში“ ოლივიე მესიანი
2006 წელს, გიორგი ალექსიძემ, ოლივიე მესიანის თხზულების „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“ მეორე ნაწილზე - „ანგელოზის ვოკალიზი ჟამთა აღსასრულისა“ დადგა საბალეტო მინიატურა „ფენიქსი“. მარიამ ალექსიძის ახალ თანამედროვე ბალეტში STALAG VIII-A, კვარტეტის მეორე ნაწილზე დადგმული გიორგი ალექსიძისეული ქორეოგრაფიული შედევრი უცვლელი დარჩა.
წარმოდგენა მიეძღვნა დადგმის იდეის ავტორს, სახელგანთქმულ მევიოლინეს კონსტანტინე ვარდელს.
ეძღვნება სახელგანთქმული მევიოლინის კონსტანტინე ვარდელის ხსოვნას
STALAG VIII-A
თანამედროვე ბალეტი ერთ მოქმედებად
ოლივიე მესიანის „კვარტეტი ჟამთა აღსასრულისა“
(Quatuor pour la fin du temps)
კლარნეტის, ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
იდეა კონსტანტინე ვარდელის
დამდგმელი ქორეოგრაფი - მარიამ ალექსიძე
კვარტეტის მეორე ნაწილის „ანგელოზის ვოკალიზი ჟამთა აღსასრულისა“ ქორეოგრაფი - გიორგი ალექსიძე
მონაწილეობენ:
გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ - ნინო გოგუა, ნათია ბუნტური, მარიამ დარჩია,
ინტიგამ მამედოვი, მარიამ ქოიავა,
გვანცა გელაშვილი და თინათინ მჭედლიძე
ლევან ცხადაძე, კლარნეტი
ალექსანდრე ხატისკაცი, ვიოლინო
სანდრო ჩიჯავაძე, ვიოლონჩელო
ირინა ვარდელი, ფორტეპიანო