2011 წელს მარინა, ნინო, დიმიტრი, ირინე, ანა და მარიამ ალექსიძეებმა გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი დააფუძნეს.
გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიული მემკვიდრეობის შენარჩუნება, მომავალი თაობებისათვის მისი გაზიარება და პოპულარიზაცია ფონდის მნიშვნელოვანი ამოცანაა.
ასევე ფონდის მიზანია საქართველოში თანამედროვე ბალეტის განვითარება და პოპულარიზაცია; ისეთი პროექტების განხორციელება, რომელიც მოქმედ ქორეოგრაფებს და შემსრულებლებს საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში ხელს შეუწყობს.
ფონდი გეგმავს პროფესიონალი მოცეკვავეებისათვის თანამედროვე ცეკვის, ცნობილი პედაგოგებისა და ქორეოგრაფების მასტერ-კლასების ჩატარებას. მიზნად ისახავს საბავშვო და სოციალურ პროექტებს. გიორგი ალექსიძის სახელობის ფონდი თანამედროვე ცეკვის სამხრეთკავკასიური ფესტივალის პარტნიორია, რომლის ფარგლებშიც მუდმივად ტარდება მასტერ-კლასები და უორკშოპები თანამედროვე ცეკვასა და ქორეოგრაფიაში.
ფონდის თავმჯდომარემ და ქორეოგრაფმა მარიამ ალექსიძემ საფუძველი ჩაუყარა პროექტს „ფანტაზია ქართული ფოლკლორის თემაზე”.
ქართული ბალეტის განვითარების ეს ტრადიცია დააფუძნა ვახტანგ ჭაბუკიანმა და ქართულ თემატიკაზე დადგა სპექტაკლები „მთების გული“, „სინათლე“, „გორდა“, „დემონი“ და სხვა.… გიორგი ალექსიძემ გააგრძელა ეს ტრადიცია და ქართული ბალეტები განსხვავებული, თავისებური ხედვით წარმოგვიდგინა. ამ მიმდინარეობამ ჩამოაყალიბა ერთგვარი ლაბორატორია, რადგან სპექტაკლების შექმნაში თანამედროვე ქართველი კომპოზიტორები და მხატვრებიც მონაწილეობდნენ. ასე შეიქმნა ბალეტები „დალი და მონადირე“, „ბერიკაობა“, „გურული სიმღერები“, „მედეა“, „ამორძალები“, „ფიროსმანი“, „დიპლიპიტო“, „დემონი“ და სხვა.
მარიამ ალექსიძისა და ქართველი ხელოვანების მიერ ოთხი ქართული სპექტაკლი დაიდგა. 2009 წელს გალაკტიონის პოეზიის მიხედვით სპექტაკლი „დოვინ-დოვენ-დოვლი” განხორციელდა, რომელიც გიორგი ალექსიძის ხსოვნას მიეძღვნა. 2011 წლიდან კი უკვე ფონდის ეგიდით დაიდგა სპექტაკლები: „აჭარპანი” აფხაზური ფოლკლორის თემაზე, „ალვა” - ხევსურულ მითზე დაყრდნობით, რუსთაველის თეატრთან ერთობლივად „ჰარირა”, ქორეოგრაფიული წარმოდგენა ჯანსუღ კახიძის სიმღერებზე, „გურჯი-ხათუნი” - დათო ტურაშვილის რომანის მიხედვით იოსებ ბარდანაშვილის მუსიკაზე, რუსთაველის თეატრთან და რობერტ სტურუასთან ერთობლივად „შექსპირი.სიყვარული” ქორეოგრაფიული ფანტაზია შექსპირის სხვადასხვა პიესებსა და სონეტებზე დაყრდნობით.