თამარ ლაცაბიძე

ბალეტის მსახიობი

2017 წელს დაამთავრა ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელი, კლასიკური ბალეტის განხრით  და ამავე წელს მიიღო მონაწილეობა სპექტაკლ „დონ კიხოტში“ და საბალეტო კონკურსში ტოკიოში.

2018 წლიდან თამარ ლაცაბიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია.

2018 წლიდან თამარმა კლასიკური ბალეტის პედაგოგად დაიწყო მუშაობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ რუსთავის ნომერ 24 ქართულ გიმნაზიაში. ამავე წელს  კლასიკურ ბალეტს თბილისის Dance Academy-ში ასწავლიდა, სადაც ასევე, თანამედროვე ბალეტის პედაგოგის დამხმარედ მუშაობდა. 2018-დან დღემდე თამარი სტუდია „ლომსიანთაში“ კლასიკური ბალეტის პედაგოგია.

 2019 წელს თამარი თანამედროვე ბალეტის პედაგოგი გახდა „მეკოს სტუდიაში“. ამავე წელს გადაიღეს ირაკლი ჩარკვიანის კლიპში “ვირთხა”. ამ პერიოდში, მას არაერთ სარეკლამო გადაღებაში აქვს მონაწილეობა მიღებული.

2021 წელს მონაწილეობა მიიღო თეონა ჩარკვიანის პროექტში - ი.ს. ბახის, გ. მალერის, გია მირზაშვილის, ირაკლი და თეონა ჩარკვიანების კომპოზიციებზე აგებულ სპექტაკლ „სულთა ხორუმში“.

2021 წელს თამარი ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ მიწვეული იყო სასცენო პრაქტიკის გასავლელად გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში, სადაც მონაწილეობა მიიღო  დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ საფუძველზე დავით მაზიაშვილის იდეისა და კონცეფციის მიხედვით, მარიამ ალექსიძის მიერ დადგმულ თანამედროვე ბალეტში „ბეატრიჩე“, ოსკარისა და ოქროს გლობუსის მფლობელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის სპეციალურად წარმოდგენისთვის დაწერილ მუსიკაზე, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე. თამარმა დასთან ერთად ასევე მონაწილეობა მიიღო მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიულ კომპოზიციაში ნიკა მაჩაიძის ორიგინალურ მუსიკაზე, რომელიც წარმოდგენილი იყო 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში და მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის თანამედროვე მულტიმედიურ ბალეტში „12 პაემანი“, რომლის პრემიერაც ყოფილ ციხეში, ალტერნატიულ სახელოვნებო სივრცე #12-ში გაიმართა. მოგვიანებით თამარი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასთან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა ბათუმში, სადაც ბათუმის დრამატულ თეატრში წარმოდგენილი იყო თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“.

თამარ ლაცაბიძე აგრეთვე დაესწრო პროფესორ დავით მაზიაშვილის მიერ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტს - დავით მაზიაშვილის სალექციო ციკლი: თანამედროვე ბალეტი „ბეატრიჩე“ - სამი საუბარი დანტესა და „ღვთაებრივ კომედიაზე“.

ამავე წლიდან მარიამ ალექსიძის ხელშეწყობით თამარი გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ თანამედროვე ცეკვის ტექნიკის შემსწავლელი კურსის სტუდენტი გახდა, ხოლო 2022 წლიდან დასის პრაქტიკანტი.

მონაწილეობდა დასის სარეპერტუარო დადგმებსა თუ პროექტებში:

გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო; მარიამ ალექსიძის წარმოდგენები: The Bach Project 1 და „მეტამორფოზები“; დასთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში (2022) და საქართველოს პატრიარქისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტში, რომელიც თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.(2023)

2023 წლიდან თამარ ლაცაბიძე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ მსახიობია.

უკან დაბრუნება