მარიამ ალექსიძე

მარიამ ალექსიძე არის მოცეკვავე, პედაგოგ-რეპეტიტორი, საქართველოში თანამედროვე ბალეტის პირველი პროფესიონალი ქალი ქორეოგრაფი, გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდის თავმჯდომარე და გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ სამხატვრო ხელმძღვანელი.

დაიბადა 1978 წელს, დიდი ქართველი ქორეოგრაფისა და პედაგოგის  გიორგი ალექსიძის და ბალეტის წამყვანი მოცეკვავისა და პედაგოგ-რეპეტიტორის  მარინა ალექსიძის ოჯახში. სწავლობდა თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელსა და  შვეიცარიის ქ.ციურიხის საბალეტო სკოლაში (SBBS), სადაც კლასიკური ბალეტის გარდა ეუფლებოდა თანამედროვე ცეკვის ტექნიკას, მოდერნ და ჯაზ ბალეტს, ჯორჯ ბალანჩინის ტექნიკასა და რეპერტუარს, ფლამენკოს. მარიამ ალექსიძე პრიმა-ბალერინა ნატალია მაკაროვას სტეპენდიანტი იყო.

ქორეოგრაფ ჰაინც შპერლის ხელმძღვანელობით მუშაობდა ციურიხის ოპერისა და ბალეტის თეატრში (Opernhaus Zürich) ხოლო 1999-2011 წლებში თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი იყო. შესრულებული აქვს სოლო და  წამყვანი პარტიები კლასიკურ, ნეო-კლასიკურ და თანამედროვე ბალეტებში. ციურიხისა და თბილისის საბალეტო დასთან ერთად საგასტროლოდ იმყოფებოდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და სხვადასხვა ფესტივალზე.

2008 წელს მონაწილეობდა შვეიცარიის ქ.ციურიხში ქორეოგრაფების სასწავლო პროექტში  (SIWIC);  2009-2012 წლებში დამდგმელი ქორეოგრაფისა და რეპეტიტორის სპეციალობით სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში.

2009 წელს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე წარმოადგინა თავისი პირველი დიდი ფორმატის თანამედროვე ბალეტი  „დოვინ-დოვენ-დოვლი...“, გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაზე. 2010 წლიდან დაიწყო გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის აღდგენისა და გაცოცხლების საქმე; დააფუძნა გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ქორეოგრაფიის განვითარების ფონდი. 2013-2016 წლებში იყო სამხრეთკავკასიური თანამედროვე ცეკვის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი. 

2016 წელს მარიამ ალექსიძის მიერ თბილისის მერიის მხარდაჭერით დაარსდა პირველი თანამედროვე ბალეტის დასი საქართველოში. თბილისის თანამედროვე, ახალგაზრდული და ნოვატორული ცეკვის კომპანია დიდი ქართველი ქორეოგრაფის გიორგი ალექსიძის სახელს ატარებს და განსხვავებული ხარისხით, ესთეტიკით, თანამედროვე ფორმების ძიებით, მხატვრული ხედვით, საავტორო რეპერტუარითა და საგანმანათლებლო პროექტებით გამოირჩევა.

გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის გამორჩეულობას დასის დირექტორის, თსუ-ს პროფესორ დავით მაზიაშვილის განსაკუთრებული იდეები, რამდენიმე სფეროში ღრმა ცოდნა და მარიამ ალექსიძის მხატვრული ხედვა განაპირობებს - შეინარჩუნოს ქართული ქორეოგრაფიისათვის დამახასიათებელი უნიკალური სტილი და ახლებურად, თანამედროვედ წარმოაჩინოს. 2016 წლიდან მარიამ ალექსიძე გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისათვის“ საავტორო სპექტაკლებს დგამს.

მარიამ ალექსიძის დადგმები მოიცავს მუსიკალურ ნაწარმოებებს ბაროკოდან  ელექტრონულ მუსიკამდე. მისი შემოქმედების მნიშვნელოვანი მიმართულებაა კომპოზიტორებთან თანამშრომლობა და  სპექტაკლებისთვის საავტორო მუსიკისა და მუსიკალური ვერსიების შექმნა, აგრეთვე სპექტაკლების დადგმა ცოცხალი მუსიკალური შესრულებით, თანამშრომლობა მუსიკოსებთან, ანსამბლებთან და ორკესტრებთან.  სპექტაკლების შექმნისას მუდმივად თანამშრომლობს თეატრისა და ბალეტის მსახიობებთან, მხატვრებთან, დიზაინერებთან, ხელოვანებთან და რეჟისორებთან. მარიამის შემოქმედების ძლიერი მხარეა ლიტერატურული ნაწარმოებებისა და ტექსტის საფუძველზე თანამედროვე ბალეტების შექმნა, ხშირად თანამშრომლობს მწერლებთან და მეცნიერებთან. სიტყვის, პოეზიის და ლექსის მუსიკალობის დადგმა მარიამ ალექსიძის შემოქმედების განსაკუთრებული ხელწერაა. საკუთარ ქორეოგრაფიაში ხშირად მიმართავს მითოლოგიას, ქართული ფოლკლორის საფუძვლებს, ქართული მუსიკის პოლიფონიურობის იდეებს, საკუთარ დადგმებში ეხმაურება ზოგადსაკაცობრიო და სოციალურ, აქტუალურ თემებს.

2019 წელს მარიამმა ქორეოგრაფიაში მუშაობის ათი წელი აღნიშნა; ქართული თანამედროვე ქორეოგრაფიისათვის ეს იყო ძალიან აქტიური, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი ათწლეული.

2020 წელს მარიამ ალექსიძის შემოქმედების განსაკუთრებული აღიარება მოხდა, როდესაც მონაწილეობა მიიღო დავით მაზიაშვილის გამორჩეულ სამეცნიერო ღონისძიებაში „შექსპირი საქართველოში“ (გამოფენა, სემინარი, ვიდეოჩვენება), რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლის ბიბლიოთეკაში იყო წარმოდგენილი. მარიამ ალექსიძე ოქსფორდის უნივერსიტეტის მიწვეული სტუმარი იყო; ღონისძიების ფარგლებში შედგა ქორეოგრაფიული ფანტაზიის „შექსპირი.სიყვარული“ ვიდეოჩვენება და ქორეოგრაფთან შეხვედრა. მოგვიანებით მარიამი მიიწვიეს მალტაზე, ვალეტას ხმელთაშუა ზღვის საკონფერენციო ცენტრში მალტელი მოცეკვავეებისათვის შემოქმედებითი ვორკშოპის ჩასატარებლად.

2020 წელს, მარიამ ალექსიძის ვიდეო პერფორმანსი „მარიჯანის ოთახი“ ერთ-ერთი პირველი რეაგირება იყო პანდემიის შედეგად გამოწვეულ ახალ რეალობაზე, რომლის შედეგად დავით მაზიაშვილთან თანამშრომლობით თანამედროვე ქორეოგრაფიის ვირტუალური წარმოდგენების ციკლს ჩაუყარა საფუძველი. ციკლის ფარგლებში მეორე თანამშრომლობა იყო ჯეიმზ ჯოისის შემოქმედებით შთაგონებული ფილ-ბალეტი ჰალუცინაცია „ლუჩიას ოთახი“. მესამე ჩანაფიქრი - „მარიჯანის ოთახი წაღვერში“ პირველი ვიდეო წარმოდგენის განსხვავებული ვერსია, რომელიც  განხორციელდა 2021 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერში მარიჯანის ისტორიულ აგარაკზე „მზიანა“.

2021 წელს დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წლის თარიღის მსოფლიო აღნიშვნის ფარგლებში, დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ საფუძველზე მარიამ ალექსიძემ დადგა თანამედროვე ბალეტი - „ბეატრიჩე“ და  ითანამშრომლა ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელ თანამედროვე იტალიელ კომპოზიტორ, დარიო მარიანელისთან, რომელმაც დავით მაზიაშვილისა და მარიამ ალექსიძის ჩანაფიქრისთვის შექმნა საავტორო მუსიკა. დარიო მარიანელის ბალეტი „ბეატრიჩე“ თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ სცენაზე ცოცხლად შესრულდა. ბეატრიჩეს სახე დასის წამყვანმა სოლისტმა მარიამ დარჩიამ შეასრულა. თანამედროვე ბალეტის კოსტიუმების დიზაინერია თამუნა ინგოროყვა.

2021-ში დავით მაზიაშვილის იდეითა და კონცეფციით, ალტერნატიულ სახელოვნებო სივრცე #12-ში (ყოფილი ციხე) მარიამ ალექსიძემ შექმნა თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი „12 პაემანი“. თანამედროვე ბალეტის საავტორო საუნდ დიზაინი და ვიდეო შექმნა ნიკა მაჩაიძემ, ხოლო საავტორო მუსიკა ნატალია ბერიძემ; წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღო ბალეტისა და თანამედროვე ცეკვის 12-მა ქალმა მოცეკვავემ, მათ შორის წარსულში ბალეტის წამყვანმა მოცეკვავეებმა, ასაკოვანმა ბალეტის მსახიობებმა - მარინა ალექსიძემ, მაკა მახარაძემ და ქეთევან მუხაშავრიამ;  მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის მიერ შეიქმნა თანამედროვე მულტიმედიური ბალეტის „12 პაემანი“ ვიდეო ვერსიაც.

2022 წელს მარიამ ალექსიძემ დაამკვიდრა ახალი საავტორო პროექტი -  ღია სტრუქტურის ეგრეთ წოდებული „თეთრი ბალეტების“ დადგმების ციკლი ი.ს.ბახის მუსიკაზე, მუსიკოსებთან  და თანამედროვე კომპოზიტორებთან თანამშრომლობით. The Bach Project 1 - ციკლიდან პირველ დადგმაში გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასისთვის გააერთიანა ბახის სიუიტები სოლო ვიოლონჩელოსთვის, რომელიც ციურიხის Tonhalle ორკესტრის ჩელისტმა, მატია ზაპამ სამეფო უბნის თეატრის სცენაზე ცოცხალად შეასრულა და ნიკა მაჩაიძის ელექტრონული მუსიკა.

2022 წელს დუბლინში, ისტორიულ ჯეიმზ ჯოისის ცენტრში, BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022-ზე გაიმართა მარიამ ალექსიძისა და დავით მაზიაშვილის ფილმ-ბალეტ  „ლუჩიას ოთახის“ პრემიერა. ფილმ-ბალეტმა Best International Joycean კატეგორიაში  დაიმსახურა - SPECIAL MENTION. ამავე წელს The Jerusalem International Solo Dance Festival-ზე, იერუსალიმის ისტორიულ კულტურის ცენტრში "The Hansen House" წარმოდგენილი იყო მარიამ ალექსიძის მონო-ქორეოგრაფიული კომპოზიცია „ქუჩა“ - ქალის პორტრეტი, დასის სოლისტის მარიამ ქოიავას შესრულებით.

2009-2022 წლებში მარიამ ალექსიძეს დადგმული აქვს 14 დიდი და 11 მცირე ფორმატის თანამედროვე ბალეტი, 4 საბავშვო სპექტაკლი და 6 ვიდეო წარმოდგენა. ავტორი და ხელმძღვანელია არაერთი საგანმანათლებლო და შემცნებითი პროექტის. ნაყოფიერად მუშაობს დრამატულ თეატრში. მარიამ ალექსიძეს წვლილი შეაქვს საქართველოში თანამედროვე ქართული ქორეოგრაფიის და თანამედროვე ცეკვის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

 

 

უკან დაბრუნება